ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მუშაობა არ აინტერესებს.
კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების მოსაგროვებლად მმართველ გუნდს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან კონსულტაციები ექნება თუ არა.
"ჩვენ ამ თემაზე არ ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი დეპუტატები იმპიჩმენტის პროცედურისთვის მობილიზებული იყვნენ. ამ თემაზე ოპოზიციასთან მუშაობა არ გვაინტერესებს. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია.
თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული შიშები მაინც აქვს, თავს იზღვევს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრება - ეს მისი საქმეა. პარლამენტში 100 ხმის მოგროვების რესურსი არ არის". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარში.
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს და ამას არ გამორიცხავს.
საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს ხელი მოაწერა. ხელმოწერები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ მასალას თან დაერთვება.
შეგახსენებთ, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტები გახდა, რომელთა შესახებ თანხმობა პრეზიდენტს მთავრობისგან არ მიუღია. 1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა.





