პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ელისაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს, რეალურად მიიჩნევს

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს და ამას არ გამორიცხავს.

"პრეზიდენტი ამას [იმპიჩმენტი] არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. მართალია, ქართული ოცნება თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვს და ამას გამოვრიცხავთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, ქართული ოცნება ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ ეს 100 ხმა ჰქონდეს. ამიტომ, არ გამორიცხავს და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს ამ ამბავს, რომ შეიძლება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრაზე დადგეს და ის გადააყენონ - შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს [...] საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს, თუ რა შეიძლება გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში და მის შემდეგ". - უთხრა ელისაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.


საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს ხელი მოაწერა. ხელმოწერები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ მასალას თან დაერთვება.

შეგახსენებთ, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტები გახდა, რომელთა შესახებ თანხმობა პრეზიდენტს მთავრობისგან არ მიუღია. 1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა.

კომენტარები