პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო წარდგინებას ხელს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს ხელს აწერს. ხელმოწერები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ მასალას თან დაერთვება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, "დადგინდა პარლამენტის ოთხმოცივე წევრის ხელმოწერის ნამდვილობა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ წარდგინებაზე".

მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანას პარლამენტის 100 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, მმართველი გუნდი მაინც იწყებს პროცედურებს. საიმპიჩმენტო განაცხადის მიხედვით, "პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, რომელიც გულისხმობს მთავრობის თანხმობით პრეზიდენტის უფლებას, განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მიიღოს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაცია".


შეგახსენებთ, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტები გახდა, რომელთა შესახებ თანხმობა პრეზიდენტს მთავრობისგან არ მიუღია. 1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა.

კომენტარები