დანია-რუსეთი

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დანიაში არ შეუშვეს

Vasily Maximov/AFP via Getty Images

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ოლეგ სალაგაის დანიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე დასწრების უფლება არ მისცეს – იგი კოპენჰაგენის აეროპორტში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს

"ღონისძიებას სახელმწიფო მდივანი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ო. სალაგაი უნდა დასწრებოდა. თუმცა მას კასტრუპის აეროპორტში დანიაში შესვლაზე უარი ეთქვა". - წერს დანიაში რუსეთის საელჩო ტელეგრამ-არხზე. 

გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ცნობით, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს იკვლევს.

ჯანმო-ს კონფერენცია არის რეგიონული შეხვედრა თემაზე "ქცევითი და კულტურული შეხედულებების გამოყენება ჯანდაცვაში". ამასთან, კონფერენცია კოპენჰაგენში 12-დან 14 სექტემბრამდე ტარდება.

ამასთანავე, როგორც Politico წერს, სალაგაის უარი დანიასა და რუსეთს შორის საელჩოებში მომუშავე თანამდებობის პირების რაოდენობაზე მიმდინარე დაპირისპირების ფონზე უთხრეს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის თქმით, კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოს 29 სექტემბრამდე აქვს ვადა, რომ პერსონალი ხუთ დიპლომატამდე და 20 ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალამდე შეამციროს, რათა ის მოსკოვში დანიის საელჩოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

კომენტარები