დანია-რუსეთი

დანიაში რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

TASS

დანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ მას ქვეყნიდან გააძევებენ.

36 წლის დანიის რეზიდენტი 2020 წლის ივლისში დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ არსებული საქმის დეტალები დეკემბერში გახდა ცნობილი.

სასამართლოს თანახმად, მსჯავრდადებული რამდენიმე წლის განმავლობაში დანიის ტექნიკური უნივერსიტეტიდან და სხვადასხვა ბიზნესებიდან აგროვებდა ინფორმაციას და ანაზღაურების სანაცვლოდ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აწვდიდა.

ენერგოტექნოლოგიების დანიურმა კომპანია SerEnergy-მ აღიარა, რომ ბრალდებული მისი თანამშრომელი იყო. სასამართლოს თანახმად, 36 წლის კაცი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ენერგოტექნოლოგიებით.

მოსკოვმა სასამართლო პროცესი "ალქაჯებზე ნადირობად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს "ანტირუსული ისტერიის" ნაწილია. რუსული მხარის თანახმად, მსჯავრდადებული დანიაში მოღვაწე "რუსი ექსპერტია".

კომენტარები