აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა ამერიკელი აგენტების მიერ ჰონგ-კონგის რეზიდენტის "გადაბირების ისტორია" გამოაქვეყნა

ჯონ შინგ-ვან ლიანგი

ჩინეთის უმაღლესმა სადაზვერვო სამსახურმა ჯაშუშობისთვის სამუდამო პატიმრობაში მყოფი ამერიკის მოქალაქისა და ჰონგ-კონგის მუდმივი რეზიდენტის, ჯონ შინგ-ვან ლიანგის შესახებ ახალი დეტალები გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ს აგენტების მიერ მისი "გადაბირება", "ცხოვრების ფაბრიკაცია" და ჯაშუშური საქმიანობაა აღწერილი.

ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ოფიციალურ WeChat-ანგარიშზე გავრცელებული განცხადების თანახმად, აღმოსავლეთ ჩინეთის სასამართლოს მიერ 78 წლის ლიანგისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯით მისი, როგორც "ამერიკელი ჯაშუშის" საქმიანობა დასრულდა. განცხადება საინტერესო სათაურით გავრცელდა: "გამოჩენილი ამერიკელი ჯაშუში ჩინეთში დააკავეს!"

პეკინის მიერ გავრცელებული ისტორიის მიხედვით, ჰონგ-კონგში დაბადებული ლიანგი რესტორნის ბიზნესის სამართავად აშშ-ში 1983 წელს ჩავიდა, 1989 წელს "ფორმალურად" გადაიბირა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურმა, იმავე წელს კი აშშ-ს მოქალაქე გახდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლიანგს საქმიანობისთვის ყოველთვიურ 1000 დოლართან ერთად, ინფორმაციის სანაცვლოდ ბონუსების მიცემასაც დაჰპირდნენ. ამასთან, ჩინეთის ვერსიით, ლიანგის "სოციალური იმიჯის" გასაუმჯობესებლად და ჩინურ ინსტიტუციებსა და ჩინელ ინდივიდებთან დასაახლოებლად, ახალი "პერსონა" შექმნეს.

ლიანგის ცხოვრების ჩინეთისეული ვერსია მოიცავს გაერთიანებულ სამეფოში უნივერსიტეტში სწავლას, გაეროში თანამდებობის ქონასა და ვიეტნამის ომში მონაწილეობას. პეკინის მტკიცებით, ლიანგს "საკუთარი პროფილის ასამაღლებლად" დაევალა საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ამერიკელი კანონმდებლებისთვის შემოწირულობების გაღებაც.

სამინისტროს თქმით, ამ საფარის გამოყენებით "აგენტი" ესწრებოდა ვახშმებსა და ფესტივალებს და ჩინეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იმიგრანტების ჯგუფურ აქტივობებს აორგანიზებდა, ასევე, სამიზნე პირებს პატიჟებდა რესტორნებსა და სასტუმროებში, სადაც მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.

პეკინის მტკიცებით, ლიანგს ჩინეთში წასვლის მითითება 2020 წელს მისცეს, მაშინ, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ქვეყანაში შესვლა გაართულა. მან "რამდენიმე საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გამოიყენა ჰონგ-კონგიდან ტრანზიტით გასავლელად და ჩინეთში ჩავიდა".

"რამდენიმე ამერიკელი აგენტის ხელმძღვანელობით, ლიანგ ჩენგიუნმა ჩინეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რაოდენობის ცნობა შეაგროვა". - წერია განცხადებაში, სადაც ლიანგის ჩინურ სახელს იყენებენ. აქვე აღნიშნულია, რომ მან აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებისგან "ქების ჯილდოც" მიიღო.

პეკინს არ დაუკონკრეტებია რატომ  გადაწყვიტა ლიანგის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა, WeChat-ზე პოსტის დადება გაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანელის შესახებ The Times of London-ის მიერ დეტალების გამოქვეყნებას დაემთხვა დროში.

ჩინეთის უშიშროების სამინისტრომ ლიანგის შესახებ დადებულ პოსტში ჩინეთის ყველა მოქალაქე გააფრთხილა, რომ უცხოეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობა, სულ მცირე, 10-წლიან პატიმრობას ნიშნავს.

აშშ-ს საელჩოს პეკინში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

ჯაშუშობის ბრალდებით შეერთებული შტატების მოქალაქეს და ჰონგ-კონგის მუდმივ რეზიდენტს, 78 წლის ჯონ შინგ-ვან ლიანგს ჩინეთმა სამუდამო პატიმრობა 2023 წლის 15 მაისს მიუსაჯა. მაშინ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.

კომენტარები