თურქეთი

9-დღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა – მარკ დიკი დედამიწის ზედაპირზე ამოიყვანეს

ამერიკელი სპელეოლოგი, მარკ დიკი, რომელიც მორკას კარსტულ ღრმულში კვირაზე მეტხანს იყო ჩარჩენილი, დედამიწის ზედაპირზე ამოიყვანეს, 2023 წლის 12 სექტემბერი.
Umit Bektas/Reuters

თურქეთში, ქვეყნის მესამე ყველაზე ღრმა მღვიმიდან ამერიკელი სპელეოლოგის, მარკ დიკის ამოყვანის 9-დღიანი სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 150-ზე მეტი სპეციალისტი იყო ჩართული, წარმატებით დასრულდა.

თურქეთის სპელეოლოგიის ფედერაციის თქმით, დიკი მორკას მღვიმიდან დედამიწის ზედაპირზე 12 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:37-ზე ამოიყვანეს.

მარკ დიკი სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას
Umit Bektas/Reuters

როგორც ამერიკელი ამბობს, არ ეგონა, თუ მღვიმიდან ცოცხალი ამოვიდოდა.

"ზუსტად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ჩემთვის საჭირო სამედიცინო მარაგების მოწოდებაზე თურქეთის მთავრობის სწრაფმა რეაგირებამ, ვფიქრობ, ჩემი სიცოცხლე იხსნა. ძალიან ახლოს ვიყავი ზღვართან". - თქვა დიკიმ.

სამაშველო ოპერაციის დასრულებას დიკის მშობლები, დები და ენდიც გამოეხმაურნენ. მათ ოპერაციაში ჩართულ სამსახურებსა და სპეციალისტებს მადლობა გადაუხადეს.

"მარკი ძლიერია და მისი სიძლიერის გვწამს, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ უზარმაზარი და დაუყოვნებელი მხარდაჭერა სჭირდებოდა". - აღნიშნეს ამერიკელი სპელეოლოგის მშობლებმა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო დიკის საცოლე, ჯესიკა ვან ორდიც, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მორკას მღვიმეში დარჩა, სანამ მისი ზედაპირზე ამოსვლა არ გახდა საჭირო.

40 წლის მარკ დიკი წარმოშობით ნიუ-ჯერსიდანაა და უკვე 20 წელზე მეტია მღვიმეების შესწავლით არის დაკავებული. ის 1 276 მეტრის სიღრმის მორკას მღვიმეში აგვისტოს ბოლოს დაწყებულ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც 1 120 მეტრის სიღრმეზე ყოფნისას ავად გახდა. მას, სავარაუდოდ, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა დაეწყო და 1 040 მეტრის სიღრმეზე მდებარე ბანაკში დაკვირვების ქვეშ მოათავსეს.

მორკას მღვიმის შესასვლელი
REUTERS

მარკ დიკის გადასარჩენად მიმდინარე კომპლექსურ ოპერაციაში 150-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული. სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად სპეციალისტები თურქეთში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, უნგრეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და აშშ-დან ჩავიდნენ.

ორგანიზატორების თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული მიწისქვეშა სამაშველო ოპერაცია.

კომენტარები