თურქეთი

თურქეთში 150-მდე მაშველი კარსტულ ღრმულში ჩარჩენილი ამერიკელის გადარჩენას ცდილობს

თურქეთში, ანამურთან მდებარე მორკას მღვიმეში ჩარჩენილი 40 წლის ამერიკელი სპელეოლოგი, მარკ დიკი, 2023 წლის 7 სექტემბერი.
Turkish Government Directorate of Communications/AP

განახლება: 9-დღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა – მარკ დიკი დედამიწის ზედაპირზე ამოიყვანეს.

თურქეთის სპელეოლოგიის ფედერაციის თქმით, ქვეყნის მესამე ყველაზე ღრმა გამოქვაბულში ჩარჩენილი ამერიკელის, მარკ დიკის გადასარჩენად მიმდინარე "კომპლექსურ" ოპერაციაში დაახლოებით 150 მაშველია ჩართული.

"მორკას კარსტულ ღრმულში, თურქეთში მესამე ყველაზე ღრმა, 1 276 მეტრის სიღრმის მღვიმეში, ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდების ჩართულობით მიმდინარე კვლევითი მისიის დროს, ამერიკელი სპელეოლოგი, მარკ დიკი 1 120 მეტრის სიღრმეზე ყოფნისას ავად გახდა და 1 040 მეტრის სიღრმეზე მდებარე ბანაკში დაკვირვების ქვეშ მოათავსეს". - დაწერა ფედერაციამ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

ფედერაციის თქმითვე, დიკის, რომელიც, სავარაუდოდ, კუჭ-ნაწლავის სისხლდენას განიცდის, 6 ერთეული სისხლი უკვე მიაწოდეს, მისი მდგომარეობა კი ამჟამად სტაბილურია და დამოუკიდებლად სიარული შეუძლია.

6 სექტემბერს თურქეთის კომუნიკაციების სამმართველოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში დიკი ამბობს, რომ თავს უკეთ გრძნობს.

"როგორც ხედავთ, ფეხზე ვარ, ფხიზლად ვარ, ვლაპარაკობ. მაგრამ ჯერ განკურნებული არ ვარ, ასე რომ, აქედან გამოღწევაში ბევრი დახმარება დამჭირდება". - თქვა მან.

4 სექტემბერს დაწყებულ სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, უნგრეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და აშშ-დან, უკვე ჩავიდნენ თურქეთში. დიკის მღვიმიდან ამოყვანას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

კომენტარები