ინდოეთი

ინდოეთი თუ ბჰარატი? – G20-ის სამიტზე მოდიმ თავისი ქვეყანა უძველესი სახელით წარადგინა

ნარენდრა მოდი G20-ის სამიტის გახსნაზე. მის წინ, მაგიდაზე მოთავსებულია საინფორმაციო ფირფიტა წარწერით "ბჰარატი", ინდოეთი, ნიუ-დელი, 2023 წლის 9 სექტემბერი.
REUTERS/Anushree Fadnavis

9 სექტემბერს G20-ის სამიტის გახსნაზე ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ თავისი ქვეყანა უძველესი სახელით წარადგინა. პრემიერის წინ, მაგიდაზე მოთავსებულ საინფორმაციო ფირფიტაზე საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი სახელწოდება, "ინდოეთი" ჩანაცვლებული იყო სახელმწიფოს მეორე ოფიციალური სახელით, "ბჰარატით".

მანამდე, 5 სექტემბერს G20-ის სტუმრებისთვის გასამართ ვახშამზე მისაწვევ ბარათებზე ინდოეთის პრეზიდენტი, დრუპადი მურმუ მოდის მთავრობამ მოიხსენია როგორც "ბჰარატის პრეზიდენტი".

ბჰარატი უძველესი სანსკრიტული სიტყვაა, რომელიც, მრავალი ისტორიკოსის აზრით, ადრეულ ინდურ ტექსტებში გამოიყენებოდა, თანამედროვეობაში კი ის ინდოეთის მეორე ოფიციალური სახელია, თუმცა, როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ნაკლებად გამოყენებადია.

ინდოეთის ოფიციალურ სახელად ბჰარატის აქტიურ გამოყენებას მხარს უჭერენ მოდის ინდუს-ნაციონალისტური პარტიის, ბჰარატია ჯანატას (BJP) წევრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ინდოეთი" ბრიტანელი კოლონისტების მიერ დამკვიდრებული სახელია და "მონობის სიმბოლოდ" აღიქმება.

"ინდოეთსა" და "ბჰარატს" შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი გაერთიანების, ინდოეთის ეროვნული განვითარების ინკლუზიური ალიანსის (INDIA) შექმნის შესახებ გამოაცხადეს. INDIA 2024 წლის ეროვნულ არჩევნებზე მოდის ბჰარატია ჯანატას დამარცხებას შეეცდება.

კომენტარები