ინდოეთი

G20-ის ვახშმის მოსაწვევებზე ინდოეთმა თავისი უძველესი სახელი, ბჰარატი გამოიყენა

ინდოელი გულშემატკივრები კრიკეტის საერთაშორისო საბჭოს ჩემპიონთა თასის ინდოეთი-სამხრეთ აფრიკის მატჩზე აფრიალებენ ეროვნულ დროშებს წარწერით "ბჰარატის არმია", ლონდონი, 2017 წლის 11 ივნისი.
AP Photo/Kirsty Wigglesworth, File

კოლონიური ეპოქის სახელების ამოღების მცდელობის ფარგლებში, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის  მთავრობამ G20-ის სტუმრებისთვის გასამართ ვახშამზე მისაწვევ ბარათებზე ქვეყნის სახელი სანსკრიტული სიტყვით ჩაანაცვლა.

მოსაწვევზე ინდოეთის პრეზიდენტი, დრუპადი მურმუ მოხსენიებულია როგორც "ბჰარატის პრეზიდენტი".

ბჰარატი უძველესი სანსკრიტული სიტყვაა, რომელიც, მრავალი ისტორიკოსის აზრით, ადრეულ ინდურ ტექსტებში გამოიყენებოდა, თანამედროვეობაში კი ის ინდოეთის მეორე ოფიციალური სახელია, თუმცა, როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ნაკლებად გამოყენებადია.

ინდოეთის ოფიციალურ სახელად ბჰარატის აქტიურ გამოყენებას მხარს უჭერენ მოდის ინდუს-ნაციონალისტური პარტიის, ბჰარატია ჯანატას (BJP) წევრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ინდოეთი" ბრიტანელი კოლონისტების მიერ დამკვიდრებული სახელია და "მონობის სიმბოლოდ" აღიქმება.

თემასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ინდოეთის ოპოზიციაშიც.

"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონსტიტუციური წინააღმდეგობა ინდოეთს ვუწოდოთ "ბჰარატი", რომელიც ქვეყნის ორი ოფიციალური სახელიდან ერთ-ერთია, ვიმედოვნებ, მთავრობა არ იქნება ისეთი სულელი, რომ მთლიანად უარი თქვას "ინდოეთზე", რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განუზომელი ღირებულება შეიძინა". - დაწერა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ოპოზიციონერმა კანონმდებელმა, შაში ტარურმა.

"ინდოეთსა" და "ბჰარატს" შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი გაერთიანების, ინდოეთის ეროვნული განვითარების ინკლუზიური ალიანსის (INDIA) შექმნის შესახებ გამოაცხადეს. INDIA 2024 წლის ეროვნულ არჩევნებზე მოდის ბჰარატია ჯანატას დამარცხებას შეეცდება.

კომენტარები