ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ახალციხის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დაიშალა

ახალციხის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დაიშალა. პარტია საკრებულოს 6-მა წევრმა დატოვა. ისინი საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას. ამის შესახებ მათ საერთო განცხადება გაავრცელეს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც ასევე შეუპოვრად გავაგრძელებთ ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების ნებას პროდასავლური საქართველოს შენების კუთხით". - ნათქვამია დეპუტატების საერთო განცხადებაში. 

მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა მთავარ არხს უთხრა: "ამ შვიდი თვის განმავლობაში საერთოდ არავინ არ გაგვკარებია, შეგვხმიანებია. თავს ვგრძნობდით გარიყულად. არავინ დაინტერესებულა ფრაქციის საქმიანობით ახალციხეში... დღეს ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს იმიტომ, რომ არცერთი წევრი არ დარჩენილა იქ..."

ბოლო პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არაერთმა წევრმა დატოვა. 

მიმდინარე წლის 9 მაისს, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ავთანდილ გაბელიამ და ამავე პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შიდაპარტიული არჩევნები დაასახელეს, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად უარს ამბობენ.

გასულ კვირას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თელავის საკრებულოს წევრმაც დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად საკრებულოს წევრი, იმ პრობლემებს ასახელებს, რაც ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებს ნაციონალურ მოძრაობაში ექმნებათ.

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიმდინარე წლის 30 იანვარს გახდა. 

კომენტარები