თბილისის მერია

მერია: თბილისში სანიაღვრე ქსელები ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება

თბილისის მერიის ცნობით, თბილსერვის ჯგუფი სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გაწმენდას "ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს". მერია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სპეცტექნიკის საშუალებით ირეცხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სანიაღვრე ქსელი და კოლექტორი.

"ამას გარდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში სანიაღვრე სისტემა უკვე გაიწმინდა 34 მისამართზე: ბელიაშვილის ქუჩაზე, მაჭავარიანის, ასევე, მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ გზაზე; ბერიტაშვილის, ცხვედაძის, აბაშიძის ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირზე, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ; ცინცაძის, ზაქარიაძის, სვანიძის ქუჩებზე, წყნეთში - რუსთაველის ქუჩაზე, დოლიძის, ნოზაძისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე; სარაჯიშვილის გამზირზე, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ; შენგელიას, ბოჭორიშვილის, ბენდელიანის, ჯავის ქუჩებზე, გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაიონებში; შეშელიძის, კობის, თიანეთის, ასევე, კაპანაძისა და ღოღობერიძის ქუჩებზე; კახეთის გზატკეცილი N50-ის მიმდებარედ, მარუაშვილის, აბაშვილის, ციხისძირისა და გუდარეხის ქუჩებზე.

აგრეთვე, რამდენიმე ლოკაციაზე ცენტრალური კოლექტორის ვიდეოკამერით დათვალიერება მოხდა" - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ "მსგავსი ტიპის სამუშაოებს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ასრულებენ".

29 აგვისტოს ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. მერიის განცხადებით, დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ასევე, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები. თბილისის მერმა კახა კალაძემ მაშინ თქვა, რომ კონკრეტულ ადგილებში "სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი, საიდან ამდენი ნაგავი".

"ასევე, იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომლებიც ჩვეულებრივად ატარებდა. უბრალოდ, იმდენად უხვი ნალექი იყო - ბოლო წლების განმავლობაში მე ასეთი რამ არ მახსოვს" - ამბობდა თბილისის მერი.

კომენტარები