სტიქია ბრაზილიაში

ბრაზილიაში ციკლონს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

კოკისპირული წვიმებისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეულმა ციკლონმა ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, სულ მცირე, 21 ადამიანი იმსხვერპლა.

რიუ გრანდი დუ სული შტატის გუბერნატორის, ედუარდო ლეიტეს თქმით, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია წყალდიდობაც. მისი შეფასებით, ეს შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიაა. ლეიტეს თქმით, დაღუპულთა დიდი ნაწილი ქალაქ მუკუმში იპოვეს, ათობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ ბრაზილიის შტატებში ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.

ბრაზილიური მედიის ცნობით, ქალაქ მუკუმში, სადაც დაახლოებით 5 000 ადამიანი ცხოვრობს, ასობით ადამიანმა სახურავებზე ასვლა მოასწრო და მათი გადარჩენა მოხერხდა. ამ დროისთვის, ქალაქის 85% დატბორილია.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ფედერალური ხელისუფლება მზად არის დაზარალებულ შტატებს შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

"ფედერალური ხელისუფლება იქნება იქ, სადაც პრობლემებია, რათა დაიხსნას მოსახლოება ამ პრობლემებისგან". - თქვა ლულამ.

2023 წლის თებერვალში, სან პაულუს შტატში მომხდარ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. 2022 წელს კი გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერსა და ღვარცოფს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ რეკიფეში, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები