რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რაოდენობა 500 ათასს აღწევს – NYT

REUTERS

The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ 18 თვის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კონფლიქტის დროს დაღუპული და დაჭრილი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი 500 ათასს უახლოვდება.

გამოცემისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებისას მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ დათვლები ზუსტი არ არის, რადგან მოსკოვი საკუთარ დანაკარგებს მუდმივად რეალურზე მცირედ წარმოადგენს, კიევი კი ოფიციალურ რიცხვებს საერთოდ არ ასაჯაროებს.

NYT-ის ცნობით, რუსეთის დანაკარგები ომში თითქმის 300 ათასია. აქედან 120 ათასი დაღუპული, 170-დან 180 ათასამდე კი დაჭრილი ჯარისკაცია. უკრაინის დანაკარგები გაცილებით მცირეა და 70 ათას დაღუპულ და 100-დან 120 ათასამდე დაჭრილ სამხედროს მოიცავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ოფიციალური პირები უკრაინის დანაკარგებზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 70 ათასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

დანაკარგებს შორის თვალშისაცემი სხვაობის მიუხედავად, რუსული არმია უკრაინულზე მაინც სამჯერ დიდია და იმის გათვალისწინებით, რომ აგრესორი ქვეყნის მოსახლეობაც გაცილებით მრავალრიცხოვანია, მოსკოვს დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ჩანაცვლება,სავარაუდოდ, არ გაუჭირდება.

ახლანდელი დათვლებით, მოქმედი, სარეზერვო და გასამხედროებული ჯარისკაცების ჩათვლით უკრაინას 500 000, ხოლო რუსეთს 1 330 000 სამხედრო ჰყავს.

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შესახებ?

კომენტარები