პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ელისაშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. ელისაშვილის თქმით, მისი გუნდი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

"ეს არის ერთ-ერთი ახალი, გამოგონილი მავნებლობა, რათა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა ჩააგდონ [...] პრეზიდენტის იმპიჩმენტს არავითარ შემთხვევაში ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ზოგადადაც, ამ თემის წამოწევა მავნებლობად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ ქვეყანაში მილიონი რეალური პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ ქართული ოცნება ამაზე ფიქრობდეს და მუშაობდეს, ცარიელ ადგილას ახალ-ახალ მავნებლობებს იგონებს". - თქვა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარტია მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტში 2 დეპუტატი ჰყავს.


1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებს, კერძოდ, კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", რადგან 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, ეს კი, "რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას" მოითხოვს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის "უხეშად" დარღვევა აიხსნება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას "საერთო პატრონები ჰყავთ და მას გარანტიები მათი მხრიდან აქვს მიღებული", შესაბამისად, კობახიძის თქმით, პრეზიდენტს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის იმედი აქვს. 

ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს – როგორია პროცედურა

კომენტარები