პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ღარიბაშვილი პრეზიდენტზე: არ გვაქვს მისთვის რაიმე უფლებამოსილების დელეგირების მოტივაცია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაწყების ინიციატივას გამოეხმაურა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის იზიარებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რადგან პრეზიდენტმა მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ საერთაშორისო ვიზიტების გამართვით დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

"პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მთავრობის გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია განმარატვს, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ეს უფლებამოსილება განახორციელოს". – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან პრეზიდენტს აღნიშნულ ვიზიტებზე ოფიციალური უარი ერთი თვის წინ გაუგზავნა, ხოლო მიზეზად ასახელებს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებდა 12 პუნქტის ვალდებულებებს და შესაბამისად არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა არანაირი მოტივაცია. მეტიც, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ, მისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირება". – თქვა ღარიბაშვილმა.

1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებს, კერძოდ, კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", რადგან 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, ეს კი, "რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას" მოითხოვს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის "უხეშად" დარღვევა აიხსნება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას "საერთო პატრონები ჰყავთ და მას გარანტიები მათი მხრიდან აქვს მიღებული", შესაბამისად, კობახიძის თქმით, პრეზიდენტს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის იმედი აქვს. 

ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს – როგორია პროცედურა

კომენტარები