ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი ომში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს – ბრიტანეთი

რუსი ჯარისკაცები ხერსონში, 20 მაისი
AP

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი ომში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს. 

როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, სომხეთსა და ყაზახეთში ონლაინ რეკლამები გამოჩნდა. განცხადების ავტორები მსურველებს 495 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას და მომავალში ყოველთვიური ხელფასის სახით 190 ათას რუბლს ჰპირდებოდნენ.

"რუსეთი 2023 წლის მაისიდან მიგრანტებს ცენტრალური აზიიდან უკრაინაში ბრძოლას სთავაზობს და ამის სანაცვლოდ, მოქალაქეობის სწრაფად მინიჭებასა და 4 160 დოლარამდე ხელფასს ჰპირდება". - წერია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. 

ამასთანავე, დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ უზბეკეთიდან ჩასულ მშენებლებს პასპორტები წაართვა და ჯართან კონტრაქტების გაფორმებას აიძულებდა.

"რუსეთს, ალბათ, სურს თავიდან აიცილოს მობილიზაციასთან დაკავშირებული შემდგომი არაპოპულარული ზომები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოყენება კრემლს საშუალებას აძლევს, მზარდი დანაკარგების ფონზე, მოიზიდოს დამატებითი ადამიანური რესურსი თავისი სამხედრო ოპერაციებისთვის". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

კომენტარები