შარლ მიშელი

FT: მიშელი 2030 წლისთვის EU-ში ახალი წევრების მიღების ინიციატივით გამოვა

Valeria Mongelli/Bloomberg/Getty Images

როგორც Financial Times წერს, დღეს, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იტყვის, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს.

გამოცემამ მიშელის სიტყვა მოიპოვა, რომელსაც პოლიტიკოსი დღეს, სლოვენიაში წაიკითხავს.

"თუ გვსურს ვიყოთ სანდო, ჩვენ უნდა ვისაუბროთ დროზე. ევროკავშირის შემდეგი სტრატეგიული დღის წესრიგის მომზადებასთან ერთად, საკუთარ თავს ცხადი მიზანი უნდა დავუსახოთ... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ორმხრივად, 2030 წელს გაფართოებისთვის... ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია. ეს აჩვენებს, რომ სერიოზულები ვართ. შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. უნდა ვიმოქმედოთ". - წერია სიტყვაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გაფართოება ახლა ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიულ ფორუმს, სადაც მიშელი სიტყვით გამოვა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მოლდოვას, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ლიდერები დაესწრებიან.

ევროკავშირის ლიდერებს ბლოკის გაფართოებასთან დაკავშირებით პირველი დისკუსია ოქტომბრის დასაწყისში, ესპანეთში, გრანადაში ექნებათ.

კომენტარები