საპენსიო რეფორმა

ახალი კანონპროექტით, საპენსიო დანაზოგები 2028 წლამდე დაბალრისკიან პორტფელში დარჩება

პარლამენტში, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონპროექტს, რომლითაც საპენსიო დანაზოგების პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და 2028 წლის იანვრამდე ბენეფიციარები დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩებიან. აქამდე ბენეფიციარებს პორტფელის ტიპის არჩევის ვადა 2023 წლის 6 სექტემბრამდე ჰქონდათ.

როგორც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, მოსახლეობა ცვლილებისთვის "მზად არ იყო" და "შესაძლოა, საკითხმა გაუგებრობა გამოიწვია". მისი განმარტებით, სწორედ ამ მიზეზით დაიწყო ახალი კანონპროექტის განხილვა, რაც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მისი მეორე მოსმენა ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს გაიმართება და, როგორც კვიჟინაძე ვარაუდობს, სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ. 

"კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიან პორტფელში". – თქვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი კანონპროექტით აღმოიფხვრება ხარვეზები, რომლებიც საპენსიო ფონდთან დაკავშირებით 2018 წელს გამოვლინდა. 2018-ში მიღებული კანონით, მოქალაქეების მიერ პორტფელებს შორის არჩევნის გასაკეთებლად გათვალისწინებული ვადა ერთი თვე იყო. უწყების თქმით, ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ გაუქმდება ეს შეზღუდვა და პორტფელში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესი გადაიდება.

ვრცლად საპენსიო რეფორმისა და სამი პორტფელის შესახებ წაიკითხე აქ – არჩევის ვადა 6 სექტემბერს იწურება – რას ნიშნავს საპენსიო დანაზოგის სამი პორტფელი?

კომენტარები