დანია

დანიაში ახალი კანონით რელიგიური ტექსტების საჯაროდ დაწვა აიკრძალება

Fedor Selivanov / Alamy Stock Photo

დანიაში ახალი კანონის მიხედვით ყურანისა და სხვა რელიგიური ტექსტების საჯაროდ დაწვა არალეგალური გახდება. ამის შესახებ დანიის იუსტიციის მინისტრმა, პეტერ ჰუმელგაარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

დანიის მთავრობამ უარყო ოპოზიციის კრიტიკა, რომ მსგავსი კანონის მიღება ხელყოფს სიტყვის თავისუფლებას.

მინისტრის თქმით, ახალი კანონის მიხედვით, დანიაში აიკრძალება რელიგიური საზოგადოებების მნიშვნელოვანი რელიგიური ნივთების არასათანადოდ მოპყრობა.

"აღნიშნული შემოთავაზება კანონით დასჯადს გახდის, მაგალითად, საჯაროდ ყურანის, ბიბლიის ან თორას დაწვას. ფუნდამენტურად მჯერა, რომ არსებობს შეხედულებების გამოხატვის იმაზე უფრო ცივილური გზები, ვიდრე რაღაცების დაწვაა". – თქვა დანიის იუსტიციის მინისტრმა. 

4 აგვისტოს, დანიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყურანის დაწვის გამო დანიის პოლიცია სასაზღვრო კონტროლს გააძლიერებს.

"ყურანის ბოლო დაწვამ, როგორც უსაფრთხოების პოლიციამ განაცხადა, იმოქმედა უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე". - თქვა დანიის იუსტიციის მინისტრმა, პიტერ ჰუმელგარდმა.

დანიის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება შვედეთის ანალოგიურ ნაბიჯს მოჰყვა. ორივე ქვეყნის მთავრობა ყურანის დაწვას გმობს და განიხილავს ახალ კანონებს, რომლებიც მსგავს დემონსტრაციებს შეაჩერებს. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას, რომელიც კონსტიტუციითაა დაცული. 

დანიაში შესაძლოა საჯარო სივრცეში რელიგიური ტექსტების დაწვის აკრძალვის მიზნით კანონმდებლობა შეიცვალოს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ისაუბრა. აღნიშნული ინიციატივა მოჰყვა 23 ივლისს კოპენჰაგენში ორი დემონსტრანტის მიერ ერაყის საელჩოს წინ ყურანის დაწვას.

"დაწვა არის რამდენიმე ადამიანის მიერ ჩადენილი შეურაცხმყოფელი და დაუფიქრებელი ქმედება. ეს რამდენიმე ადამიანი არ წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებსაც დანიის საზოგადოება ეფუძნება. [...] დანიის მთავრობა შეეცდება შეისწავლოს ყველა შესაძლებლობა, რითიც შეიძლება ჩარევა სპეციალურ სიტუაციებში, სადაც სხვა ქვეყნების კულტურებისა და რელიგიების შეურაცხყოფა ხდება და სიტუაციებში, სადაც ასეთმა ქმედებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოიტანოს დანიისთვის, მათ შორის უსაფრთხოების მხრივ".  – ამბობს რასმუსენი.

23 ივლისს ორმა დემონსტრანტმა კოპენჰაგენში, ერაყის საელჩოს წინ ყურანი დაწვა. დემონსტრანტები საკუთარ თავს “დანიელ პატრიოტებად” მოიხსენიებენ. რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა ყურანის დაწვის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე განათავსეს. 23 ივლისს დემონსტრანტებმა ისლამის წმინდა წიგნი ერაყის დროშასთან ერთად დაწვეს. 

2023 წლის ივლისში ყურანის დაწვის შემთხვევები დაიწყო შვედეთში, ერაყის საელჩოს წინ, რასაც ბაღდადში მასშტაბური გამოსვლები და შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა მოჰყვა.

19 ივლისს შვედეთის პოლიციამ დემონსტრანტებს დართო ნება, ერაყის საელჩოს გარეთ გაემართათ აქცია, რომელშიც მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებდა. შვედური მედია იტყობინებოდა, რომ ორი პირი ყურანის დაწვას გეგმავდა.აქამდე შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა. შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით. 

22 ივლისს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც ყურანს წაბილწავს ყველაზე მკაცრი სასჯელით უნდა დაისაჯოს.  

  

კომენტარები