დანია

"ოზემპიკისა" და "ვეგოვის" მწარმოებელმა 2023 წელს დანიის ეკონომიკა რეცესიისგან იხსნა

მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი "ოზემპიკი"
David J. Phillip / Associated Press

ბოლო დროს პრეპარატ "ვეგოვიზე" გაზრდილი მოთხოვნის წყალობით დანიის ეკონომიკამ წინა წელს რეცესიის თავიდან არიდება შეძლო, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ძირითადად აღნიშნული მედიკამენტის მწარმოებელმა კომპანიამ Novo Nordisk-მა განაპირობა.

ოფიციალური მონაცემებით, დანიის 2023 წლის 1.8%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ქვეყნის ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ განაპირობა, რომელშიც მთავარი მოთამაშე Novo Nordisk-ია. აღნიშნული კომპანია რომ არა, ამავე წელს დანიის ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდებოდა.

პრეპარატ "ვეგოვის" წარმატებით კომპანია ევროპის ყველაზე ღირებულ კომპანიად იქცა და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $600 მილიარდზე მეტი შეადგინა. შედეგად, კომპანიამ მსოფლიოში სიდიდით მე-12 ადგილი დაიკავა.

"Novo Nordisk-ის შემოსავლებისა და წარმოების განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებელი წონის კლების პრეპარატმა განაპირობა". - ამბობს Danske Banke-ის მთავარი ეკონომისტი, ლას ოლსენი. მისი თქმით, "მსოფლიოში ხსენებულ პრეპარატებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა".

"მოსალოდნელია, რომ [ეკონომიკური] ზრდა გაგრძელდება, რადგან "ვეგოვიზე" მოთხოვნა ძალიან დიდია და კომპანია ფლობს პატენტს, რომელიც, სულ მცირე, კიდევ რვა წლის განმავლობაში ექნება". - თქვა ოლსენმა.

2023 წელს დანიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროკავშირში არსებულ საშუალო მონაცემებს აღემატებოდა და საფრანგეთს, გერმანიას, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრო. დანიაზე უკეთესი მაჩვენებელი ესპანეთმა და აშშ-მ აჩვენა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მხრივ მსოფლიოში მოწინავე ქვეყნები იყვნენ.

ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) მედიკამენტი "ოზემპიკი" მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატად 2017 წელს დაამტკიცა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ FDA-ს "ოზემპიკი" სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტად არ ჰქონდა დამტკიცებული, პრეპარატი დანიშნულების გარეშე ამ მიზნით მაინც გამოიყენებოდა.

მოგვიანებით, 2021 წელს, FDA-იმ სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტად პრეპარატი "ვეგოვი" დაამტკიცა. ორივე პრეპარატი ერთსა და იმავე აქტიურ ინგრედიენტს, სემაგლუტიდს, შეიცავს.

კომენტარები