დანია

დანიაში შესაძლოა ყურანისა და სხვა რელიგიური ტექსტების საჯარო სივრცეში დაწვა აიკრძალოს

დანიაში შესაძლოა საჯარო სივრცეში რელიგიური ტექსტების დაწვის აკრძალვის მიზნით კანონმდებლობა შეიცვალოს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ისაუბრა. აღნიშნული ინიციატივა მოჰყვა 23 ივლისს კოპენჰაგენში ორი დემონსტრანტის მიერ ერაყის საელჩოს წინ ყურანის დაწვას.

"დაწვა არის რამდენიმე ადამიანის მიერ ჩადენილი შეურაცხმყოფელი და დაუფიქრებელი ქმედება. ეს რამდენიმე ადამიანი არ წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებსაც დანიის საზოგადოება ეფუძნება. [...] დანიის მთავრობა შეეცდება შეისწავლოს ყველა შესაძლებლობა, რითიც შეიძლება ჩარევა სპეციალურ სიტუაციებში, სადაც სხვა ქვეყნების კულტურებისა და რელიგიების შეურაცხყოფა ხდება და სიტუაციებში, სადაც ასეთმა ქმედებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოიტანოს დანიისთვის, მათ შორის უსაფრთხოების მხრივ".  – ამბობს რასმუსენი.

23 ივლისს ორმა დემონსტრანტმა კოპენჰაგენში, ერაყის საელჩოს წინ ყურანი დაწვა. დემონსტრანტები საკუთარ თავს “დანიელ პატრიოტებად” მოიხსენიებენ. რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა ყურანის დაწვის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე განათავსეს. 23 ივლისს დემონსტრანტებმა ისლამის წმინდა წიგნი ერაყის დროშასთან ერთად დაწვეს. 

2023 წლის ივლისში ყურანის დაწვის შემთხვევები დაიწყო შვედეთში, ერაყის საელჩოს წინ, რასაც ბაღდადში მასშტაბური გამოსვლები და შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა მოჰყვა.

19 ივლისს შვედეთის პოლიციამ დემონსტრანტებს დართო ნება, ერაყის საელჩოს გარეთ გაემართათ აქცია, რომელშიც მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებდა. შვედური მედია იტყობინებოდა, რომ ორი პირი ყურანის დაწვას გეგმავდა.აქამდე შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა. შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით. 

22 ივლისს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც ყურანს წაბილწავს ყველაზე მკაცრი სასჯელით უნდა დაისაჯოს.  

კომენტარები