ნიკორა

ნიკორას მზა კერძების საწარმოო პროცესი შევუჩერეთ – სურსათის ეროვნული სააგენტო

ნიკორა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გახდა - მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ცნობით, კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა საკვებად ნიკორაში შეძენილი კიევური კოტლეტი მიიღეს. 

"შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა  განახორციელეს  ინსპექტირება ნიკორა ტრეიდის სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე:  თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი კოტლეტი კიევურით მარაგდებოდა. 

სააგენტოს ინსპექტორებმა  ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი  შეუჩერდა", - წერია განცხადებაში.  

სააგენტოს ინფორმაციით, ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და  22 კგ კოტლეტი კიევურის ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. 

"მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები