ნიკორა

მოწამვლა ქათმის ფილე გრაკოს გამოყენებამ გამოიწვია, ჯეო დისტრიბუცია გვამარაგებდა – ნიკორა

ნიკორა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მათთვის მზა კერძების საწარმოო პროცესის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლების ინტოქსიკაცია გამოიწვია ქათმის ფილე გრაკოს გამოყენებამ, რომლითაც ნიკორას ჯეო დისტრიბუცია ამარაგებდა.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  მოგვმართა რამოდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო კოტლეტი კიევური. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია ჯეო დისტრიბუცია. 

რა თქმა უნდა ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამოდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით". - წერია განცხადებაში.  

დღეს, 24 აგვისტოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გახდა - მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ცნობით, კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა საკვებად ნიკორაში შეძენილი კიევური კოტლეტი მიიღეს.  

"სააგენტოს ინსპექტორებმა  ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა". - ეწერა განცხადებაში.  

კომენტარები