საქართველო-NATO

საქართველოში NATO-სა და პარტნიორების სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2023 გაიხსნა

ქართველი და პოლონელი სამხედროები საერთაშორისო სამხედრო წვრთნების, Agile Spirit 2023-ის გახსნის ცერემონიაზე. 2023 წლის 21 აგვისტო.
Defense Visual Information Distribution Service

21 აგვისტოს კრწანისის პოლიგონზე NATO-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2023 (მტკიცე სული 2023) გაიხსნა.

სამხედრო წვრთნები 21 აგვისტოსა და 1-ელი სექტემბრის შუალედში საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ვარჯიშებში მონაწილეობას 3 500-3 600 სამხედრო იღებს, როგორც NATO-ს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან. წელს წვრთნებში მონაწილეობას 1 200-მდე ამერიკელი და დაახლოებით 1 900 ქართველი სამხედრო მიიღებს.

აშშ-სა და საქართველოს გარდა წვრთნებში მონაწილეობს 21 ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი.

უცხოელმა სამხედროებმა საქართველოში სწავლებებზე დასასწრებად ჩამოსვლა 19 აგვისტოს დაიწყეს.

წვრთნების მიზანი NATO-ს ქვეყნებსა და პარტნიორებს შორის ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციებისა და ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა. წვრთნების ფარგლებში სამხედროები იმიტირებულ საბრძოლო გარემოში დავალებების შესრულებაზე იმუშავებენ.

როგორც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტზე დაქვემდებარებული თავდაცვის ვიზუალური ინფორმაციის დისტრიბუციის სამსახურის (The Defense Visual Information Distribution Service) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, საქართველოს ხელისუფლებიდან სწავლების გახსნის ცერემონიას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. ამას გარდა, წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აპრილში საქართველო ამოიღეს აშშ-სა და NATO-ს მიერ ორგანიზებული წვრთნების Defender 23-ში მონაწილე ქვეყნების სიიდან.

მაისში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს და ახსენა ლოგისტიკური ხარჯების მიზეზი. მალევე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ, აშშ-ს ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ Defender 2023-ში მონაწილეობაზე უარი ითქვა აშშ-სთან აქტიური კომუნიკაციით და გადაწყდა, რომ მეტი ძალისხმევა და რესურსი მიმართულიყო Agile Spirit-ის მსგავს სწავლებებზე, "რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას". 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, 3 მაისს ამავე შინაარსის განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც და დაადასტურეს, რომ გადაწყვიტეს რესურსების სხვა სახის სწავლებებზე მიმართვა.

"ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და ღირსეული პარტნიორი და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა". – ნათქვამი იყო საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები