The Killers

თემო მჟავია THE KILLERS-ზე: საბოდიშო არაფერია, იქეთ უნდა მოიხადონ ბოდიში, რასიზმი ტეხავს

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე გამართულ The Killers-ის კონცერტს კომიკოსი და საქართველოს კიბერსპორტის ფედერაციის თანადამფუძნებელი თემო მჟავია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ჩემი აზრით, საბოდიშოც არაფერია! იქეთ უნდა მოიხადონ ბოდიში იმიტომ, რომ რასიზმი ტეხავს მაგრად… “ფაშიზმი” ტეხავს მაგრად!!! ყველანაირი დისკრიმინაცია ტეხავს მაგრად!!!

პირველ როგში კაცთმოყვარეობა და მერე გავაგრძელოთ საუბარი". – წერს ის.

თემო მჟავია კომედი შოუს კომიკოსია, რომელიც მოგვიანებით ჯერ GDS-ზე, შემდეგ კი PosTV-ზე მუშაობდა. 2018 წელს ის მონაწილეობდა სამთავრობო კამპანიაში არამიშას. პანდემიის პერიოდში მჟავიამ და კიბერსპორტის ფედერაციის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ლევან (ფაქო) გოგორელიანმა 48 600 ლარი მიიღეს. სულ ფედერაციამ თბილისის მერიისგან 134 000 ლარი მიიღო. მჟავია ბერა ივანიშვილის მეგობარია.


15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე როკ ბენდ The Killers-ის კონცერტი გაიმართა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა, იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა. კონცერტი სტვენის და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დასრულდა. 

მოგვიანებით ბენდმა და Black Sea Arena-მ ბოდიში მოიხადა.

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, ბრუნო მარსი და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

კომენტარები