TV ფორმულა

რეესტრმა ფორმულას თანამშრომლებისთვის წილის გადაცემაზე კეზერაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა

ტელეკომპანია ფორმულა

საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებისთვის წილების გადაცემაზე არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 4 აგვისტოს განახლებული ამონაწერის თანამხად, კეზერაშვილმა ფორმულას 25% დათმო და ის ტელეკომპანიის საკონტროლო – 51%-იანი წილის მფლობელი აღარ არის.

ამჟამად ფორმულას მესაკუთრეთა წილები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • მიხეილ მშვილდაძე – 12.25%
  • ირაკლი საღინაძე – 12.25%
  • ზურაბ გუმბარიძე – 12.25%
  • გიორგი ლიფონავა – 12.25%
  • დავით კეზერაშვილი – 26%
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფლების ფორმულა – 25%

ტელეკომპანია ფორმულაში წილების გადაცემის პროცესი 2023 წლის მაისში დაიწყო. არხის ადმინისტრაცია მაშინვე ხაზ უსვამდა, რომ ხელისუფლებისგან პროცესის შეყოვნებას ელოდნენ. მოთხოვნის საბოლოოდ დაკმაყოფილებამდე საჯარო რეესტრი დავით კეზერაშვილს წილების ცვლილების რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდა, მიზეზად კი ასახელებდა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი არ ჰქონდა.

მიმდინარე წლის 18 აპრილს ფორმულას გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ დაანონსა, რომ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის 25% გადაეცემოდათ ფორმულელებს – საზოგადოებისთვის ნაცნობ ადამიანებს.

განცხადება გაავრცელა დავით კეზერაშვილმაც, რომელშიც წერდა, რომ უარს ამბობდა ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემდა.

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება თაღლითების იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც, მასალების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს უკავშირდება. 

კომენტარები