ფორმულა

გუმბარიძე: 25% გადაეცემა ფორმულელებს – ვისაც ეკრანებიდან იცნობთ და ვინც კადრს მიღმა დგას

ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის 25% გადაეცემა ფორმულელებს - საზოგადოებისთვის ნაცნობ ადამიანებს, რომლებიც ეკრანებზე ჩანან და "დგანან ხოლმე კადრს მიღმა". გამართულ ბრიფინგზე გუმბარიძემ თქვა, რომ მათი ზუსტი სია ჯერ უცნობია. 

"მიუხედავად იმისა, რომ აქ დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას განვსაზღვრავდი მე, როგორც ამ არხის გენერალური დირექტორი, მენეჯმენტი, ვისაც ეს პირდაპირ ევალებოდა და ასევე ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, ამის გარდა, ჩვენ გვინდა, რომ დამატებითი იურიდიული ჩარჩოც იქნას შექმნილი იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე გამორიცხული იყოს რომელიმე ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიაში საკონტროლო წილის ფლობა ან ერთპიროვნულად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც კი.  

25% გადაეცემა ფორმულელებს, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ ეკრანებიდან და ესენი ასევე იქნებიან ადამიანები, რომლებიც დგანან ხოლმე კადრს მიღმა და უზარმაზარ როლს თამაშობენ, რომ ფორმულა მაუწყებლობდეს ამ ფორმით. ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო და ამის გამოცდილებები არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზუსტი მოდელი, არ ვიცით ადამიანების ზუსტი სია, ვინ იქნებიან ეს დამფუძნებლები, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება მაყურებელთან და საზოგადოებასთან, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამის შესახებ, პირველ რიგში, ჩვენი მაყურებელი გაიგებს.  

პრინციპი იქნება ისეთი, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური - მასში საბოლოო ჯამში დამფუძნებელი გახდება ბევრი ადამიანი და ეს ადამიანები შექმნიან გარკვეულ ორგანიზაციას, სადაც ასევე ისინი აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, ვინც იქნება წარმოდგენილი ფორმულას მმართველ ორგანოში, ანუ, ე.წ. ბორდში. ფორმულელების პოზიცია იქნება ყველა დონეზე გაჟღერებული. 

მთავარი, რასაც ჩვენ ამ ყველაფრით მივიღებთ, იქნება ის, რომ დღეიდან ვერცერთი ერთი ცალი დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ფორმულას აქამდეც ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთ, დამატებით იურიდიულ გარანტიასაც შექმნის იმისა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი და მას კვლავაც განსაზღვრავენ ის ადამიანები, ვინც უნდა განსაზღვრავდეს სარედაქციო პოლიტიკას". - ამბობს ზუკა გუმბარიძე. 

დღეს, 18 აპრილს დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ უარს ამბობს ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.  

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება თაღლითების იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც, მასალების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს უკავშირდება. 

კომენტარები