საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია ფორმულას 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორს და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცემს. ინფორმაციას გამოცემა მედიაჩეკერი ავრცელებს.
6 თებერვალს მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც ნათქვამია, რომ "წილის მიმღებს წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისათვის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით".
გუმბარიძემ არხის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის განცხადებით საჯარო რეესტრს 7 თებერვალს მიმართა, თუმცა, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.





