აშშ-ირანი

FT: სანქციების შერბილების სანაცვლოდ, აშშ ირანს სთხოვს, რუსეთს დრონები აღარ მიყიდოს

Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი
ირანული მედია

Financial Times-წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის დეესკალაციისა და ხანგრძლივი ბირთვული კრიზისის შესაჩერებლად მიმართული დიალოგის ფარგლებში, აშშ ცდილობს, დაარწმუნოს ირანი, რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვაზე უარი თქვას. 

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს საკითხი ისლამურ რეჟიმთან მიმდინარე წელს ყატარსა და ომანში გამართულ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე წამოჭრა. 

FT წერს, რომ ირანელი ოფიციალური პირისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული სხვა ადამიანის თქმით, აშშ-ს სურს, ირანმა შეწყვიტოს რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება, რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში იყენებს. 

Financial Times-ის მიხედვით, ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ თეირანი, რომელიც ოფიციალურად უარყოფს მისი დრონების გამოყენებას უკრაინაში, მოსკოვს არაერთხელ სთხოვა ომში ისინი არ გამოეყნებინა, მაგრამ ვაშინგტონს "უფრო კონკრეტული ნაბიჯები" სურდა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ მიმართავს შეკავების, ზეწოლისა და დიპლომატიის სტრატეგიას, რათა უზრუნველყოს, რომ ირანმა არ შეიძინოს ბირთვული იარაღი. ამასთან, აშშ-ს პოლიტიკის მიზანია, თეირანს დააკისროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევისა და რუსეთისთვის ომში გამოყენების მიზნით დრონების გადაცემის გამო.   

გამოცემის თანახმად, მოლაპარაკებაში ჩართული ადამიანები იმედოვნებენ, რომ ორივე მხარე დეესკალაციის ზომების მიღებაზე შეთანხმდება. ირანისთვის ეს ნიშნავს, რომ თავის ურანს 60%-ზე მეტად არ გაამდიდრებს, ასევე გააუმჯობესებს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

გარდა ამისა, როგორც Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სანაცვლოდ, ვაშინგტონი თავს შეიკავებს ახალი სანქციების დაწესებისაგან ზოგიერთ სფეროში, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს, ასევეა მკაცრად არ გააკონტროლებს სანქციებს, რომლებიც უკვე მოქმედებს ნავთობის გაყიდვაზე.

ამასთან, გამოცემის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ვაშინგტონის მხრიდან თეირანისთვის სამხრეთი კორეის ანგარიშებზე არსებული $6 მილიარდიან ნავთობის გაყინულ ფონდზე წვდომის მიცემას. 

კომენტარები