რუსი ჯაშუშები ევროპაში

ბრიტანეთში ბულგარეთის 3 მოქალაქე რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული

BBC/LINKEDIN/BISER

როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბულგარეთის 3 მოქალაქე 2023 წლის თებერვლიდან არის დაპატიმრებული.

დაკავებულებს ბრალად "არასათანადო განზრახვით" პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების ფლობა ედებათ.

ჯაშუშობაში ბრალდებულებს გაერთიანებული სამეფოს, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოუჩინეს.

ბულგარეთის მოქალაქეები ჯაშუშობის საქმეებზე პასუხისმგებლობის მქონე ლონდონის პოლიციის კონტრტერორიზმის მიმართულებით მომუშავე დეტექტივებმა დააკავეს.

დაპატიმრებული არიან 45 წლის ორლინ რუსევი, 41 წლის ბიზერ ჯამბაზოვი და 31 წლის კატრინ ივანოვა. გაერთიანებულ სამეფოში სამივენი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ და დროდადრო საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს იცვლიდნენ.

რუსევს რუსულ ბიზნესში გარიგებების ისტორია აქვს. ის ბრიტანეთში 2009 წელს გადავიდა და ფინანსურ სექტორში ტექნიკურ დავალებებზე მუშაობდა. მის LinkedIn-ის პროფილზე წერია, რომ მოგვიანებით ფლობდა კომპანიას, რომელიც სიგნალებისა და შეტყობინებების მიტაცების გზით საიდუმლო ინფორმაციის შეკრებაში იყო ჩართული. გარდა ამისა, რუსევის პროფილზე ვკითხულობთ, რომ ბულგარეთში ცხოვრებისას ის ენერგეტიკის სამინისტროში მრჩევლადაც მუშაობდა.

ჯამბაზოვი და ივანოვა თავს წყვილად წარმოაჩენდნენ. ისინი გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით ათი წლის წინ ჩავიდნენ. ბულგარეთის სახელმწიფო დოკუმენტების თანახმად, ისინი ლონდონში მცხოვრები ბულგარეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის ხელშეწყობისთვის მომუშავე საარჩევნო კომისიებში იყვნენ დასაქმებულები. გარდა ამისა, წყვილი ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომელიც ბულგარელებს "ბრიტანული საზოგადოების ნორმებსა და კულტურას" აცნობდა.

დაკავებულები სასამართლოს წინაშე იანვარში წარდგებიან.

რუსული საჯაშუშო საქმიანობა გაერთიანებულ სამეფოში სიახლე არ არის. 2018 წელს, რუსმა ჯაშუშებმა ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას ნოვიჩოკით მოწამლეს.

უფრო ადრე, 2006 წელს რუსული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში რუსეთზე მომუშავე პირებმა მოკლეს.

კომენტარები