ალექსანდრ ლიტვინენკო

სტრასბურგის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა

ალექსანდრ ლიტვინენკო

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს, ლონდონში, რუსეთის უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

"სასამართლომ პირველ რიგში გადაწყვიტა, რომ რუსეთმა, გაუმართლებლად, ვერ შეძლო მოთხოვილი მასალების მიწოდება, რაც საჭირო იყო საქმის სასამართლოს მიერ გამოძიებისთვის. ეს არის კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა", – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ აწვდიდა ლიტვინენკოს საქმის შიდა გამოძიების მასალებს. ამიტომაც, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსული გამოძიების მასალების გადაცემაზე უარის თქმისა და მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოს ჩართულობის prima facie-ს შემთხვევის (ამ პრინციპის მიხედვით, სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცება საკმარისად ითვლება მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის, სანამ არსებითი ხასიათის რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ იქნება წარდგენილი) უარყოფის შეუძლებლობის გამო, "დადგინდა, რომ ბატონი ლიტვინენკოს მკვლელობა რუსეთს მიეწერება".

ლიტვინენკომ რუსეთი 1999 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც რუსულ ФСБ-ს ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის მცდელობას მიაწერდნენ.

ლიტვინენკო 2006 წელს ცუდად გახდა, მას შემდეგ, რაც რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-210-ით მოწამლული ჩაი დალია. ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

რუსეთი ლიტვინენკოს მკვლელობაში 2015 წელს ბრიტანულმა გამოძიებამაც დაადანაშაულა. 2016 წლის გამოძიების მიხედვით კი გამოიკვეთა ორი მთავარი ეჭვმიტანელი: ანდრეი ლუგოვოი და დმიტრი კოვტუნი.

ლიტვინენკო რუსეთის ხელისუფლებას 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში სდებდა ბრალს, პუტინს კი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებდა. გამოძიების შედეგად, ბრიტანულმა მხარემ რუსეთიდან ანდრეი ლუგოვოის, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ექსტრადირება მოითხოვა, რასაც კრემლი არ დათანხმდა. მოგვიანებით ლუგოვოი დუმაში, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სიით, დეპუტატად აირჩიეს.

არსებობდა ვარაუდი, რომ ლიტვინენკოს კავშირი ჰქონდა ბრიტანულ სპეცსამსახურებთან.

 

კომენტარები