რუსი ჯაშუშები ევროპაში

ახალი დეტალები ავსტრიის დაზვერვაში რუსული სპეცსამსახურების გავლენის საქმეზე

ეგისტო ოტი

ავსტრია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯაშუშობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სკანდალის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყნის დაზვერვის სამსახურში ძლიერი რუსული გავლენის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

გამოცემა Associated Press-მა საკითხთან დაკავშირებით 29 მარტს დაკავებული ავსტრიის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ოფიცრის ეგისტო ოტის დაკავების ორდერი მოიპოვა, რომლის მტკიცებითაც ოტი მობილური ტელეფონის მეშვეობით ავსტრიის ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ რუსულ დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა. ამასთანავე, 86-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ოტი ცნობილი ჟურნალისტის ხრისტო გროზევის ბინის გაქურდვის დაგეგმვაში მონაწილეობდა და გერმანიაში რუსების დაკვეთით მომხდარი მკვლელობის შემდეგ რუსულ მხარეს "გაუმჯობესებისთვის" მითითებებსა და რჩევებს აძლევდა.

ეგისტო ოტი ავსტრიაში თაღლითობის ბრალდებით ძებნილი იან მარსალეკისთვის სენსიტიური ინფორმაციის გაზიარებაშია ეჭვმიტანილი. მარსალეკზე ძებნა 2020 წელს გერმანული საგადახდო კომპანია Wirecard-ის გაკოტრების შემდეგ გამოცხადდა, სადაც იგი მთავარი საოპერაციო დირექტორი იყო. დაკავების ორდერის მიხედვით, ბრიტანული მხარის მიერ ავსტრიისთვის მიწოდებული შეტყობინებები მარსალეკს რუსულ ФСБ-სთან პირდაპირ აკავშირებს.

მარსალეკი Wirecard-ის გაკოტრების შემდეგ, 2020 წლის ივნისში, რამდენიმე მილიარდ დოლართან ერთად გაუჩინარდა. ხოლო ერთი თვის შემდეგ The Insider-მა და Bellingcat-მა გაარკვიეს, რომ იგი რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე იმალებოდა და ხანგრძლივი კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან.

მარსალეკის გადაბირებისა და რუსეთისთვის ჯაშუშობის საქმიანობის შესახებ გამოცემა The Insider-მა დაწვრილებითი გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობდა კსკ ვაგნერთან, რუსეთს ევროპული სპეცსამსახურების თანამშრომლებზე მონაცემებს აწვდიდა და The Insider-ის გამომძიებელს ხრისტო გროზევს უთვალთვალებდა.

ეგისტო ოტი თურქეთსა და იტალიაში დაზვერვის სამსახურის თანამშრომლად 2001-2012 წლებში მუშაობდა, რის შემდეგაც ავსტრიის შიდა სადაზვერვო სამსახურში BVT ფარული აგენტების სათავეში ჩააყენეს. თუმცა, ოტის BVT-ში საქმიანობა მას შემდეგ შეუჩერეს, რაც პირველად გავრცელდა ცნობები, რომ იგი სავარაუდოდ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ჩართული.

მომდევნო წელს იგი ავსტრიაში კვლავ დაასაქმეს, ამჯერად პოლიციის აკადემიაში სამუშაოდ, ხოლო 2021 წელს რუსეთთან კავშირების გამოძიების ფარგლებში მას საქმიანობა ხელმეორედ შეუწყვიტეს და პირველად დააკავეს, მაგრამ მტკიცებულებების სიმცირის გამო ოთხი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს.

BVT-ში მსახურობის პერიოდში ოტის უფროსი მარტინ ვაისი იყო, რომელთანაც, პროკურორების თქმით, ოტის "ახლო მეგობრობა" ჰქონდა. დაკავების ორდერში წერია, რომ ვაისმა მარსალეკისთვის მუშაობა 2018 წელს, სადაზვერვო სამსახურის დატოვების შემდეგ, დაიწყო. პროკურორების თქმით, ვაისი მარსალეკისგან და სხვა რუსეთზე მომუშავე პირებისგან დავალებებს ოტის აწვდიდა. ხოლო ორდერის მიხედვით, მარსალეკს ტექსტურ შეტყობინებაში ნათქვამი აქვს, რომ ვაისს დუბაიში გაქცევაში შეუწყო ხელი.

თავდაპირველად ოტის ჯაშუშობის შესახებ ინფორმაცია 2017 წელს გამოჩნდა, თუმცა ბრიტანეთის დაზვერვამ ავსტრიულ მხარეს ბოლო პერიოდში ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

გაერთიანებულ სამეფოში 2023 წელს ხუთი პირი, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში კიდევ ერთი, ბულგარეთის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ მარსალეკის საქმიანობასთან არიან კავშირში. ოტის დაკავების ორდერის მიხედვით, ბრიტანული უშიშროების სამსახურის MI5 მიერ მარსალეკსა და ერთ-ერთ დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეს შორის მოპოვებულ ტექსტურ შეტყობინებებზეა საუბარი, რომელიც მარსალეკისა და ავსტრიელი დამხმარეების დამატებით საქმიანობაზე მიუთითებს.

2021 წელს, გათავისუფლებიდან 5 კვირის შემდეგ, ეგისტო ოტიმ ვენაში მცხოვრები ბულგარელი საგამომძიებლო ჟურნალისტის ხრისტო გროზევის მისამართი გამოითხოვა და მარსალეკს გადასცა. საქმის პროკურორების თქმით, მოგვიანებით მარსალეკმა გროზევის ბინის გაქურდვისთვის ჯგუფი გამოყო.

მანამდე გროზევმა ის რუსი ოფიცრები გამოიძია, რომლებიც 2018 წელს სერგეი სკრიპალისა და 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლაში იყვნენ ჩართული. გროზევს ვენის დატოვება 2023 წელს მოუწია, როდესაც ავსტრიის სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს, რომ მის უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფდნენ.

ამას გარდა, პროკურატურის მიხედვით, ოტიმ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მობილურის ნომრები მოიპოვა, რომლებიც მარსალეკზე მომუშავე პირებს გადაეცა. ოტი ასევე მარსალეკს SINA-ს ტიპის კომპიუტერის მოპოვებაში და მოსკოვში მალულად წაღებაში დაეხმარა. ამ ტიპის კომპიუტერებს ევროპული მთავრობები კლასიფიცირებული ინფორმაციის გაგზავნისთვის იყენებენ.

გამოძიების ფარგლებში ასევე გაირკვა, რომ ოტის მობილური ტელეფონი ევროპაში რუსული სადაზვერვო სამსახურებისთვის, 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, საიდუმლო მოქმედებების გაუმჯობესებისთვის რჩევებს შეიცავდა.

ეგისტო ოტი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება და ბრალის ოფიციალურად წაყენებას ელოდება. პარალელურად, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა 9 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსული ინფილტრაციის შესაკავებლად უსაფრთხოების ზომები უნდა გაზარდოს.

კომენტარები