რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 28 რუსული რაკეტიდან 16 მოიგერია, დაღუპულია 3 ადამიანი

ლვოვზე მიტანილი სარაკეტო დარტყმის შედეგი
უკრაინსკა პრავდა

15 აგვისტოს გამთენიისას რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მორიგი სარაკეტო იერიშები მიიტანა. 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქების მიმართულებით ნასროლი 28 ფრთოსანი რაკეტიდან 16-ის უვნებელყოფა შეძლეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს Х-22-ის, Х-101-სა და Х-555-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც თვითმფრინავებიდან გაუშვეს, ასევე 4 კალიბრის ტიპის რაკეტაც, რომლებიც შავ ზღვაში მყოფი ხომალდიდან ისროლეს.

საჰაერო განგაში მთელი უკრაინის ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული.

თავდასხმას ემსხვერპლა სამი ადამიანი. სამივე მათგანი დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ლუცკში მდებარე სამრეწველო საწარმოზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

ქალაქ ლვოვში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა 100 ბინაზე მეტი. დაშავდა 4 ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ლვოვში მდებარე კიდევ ორ დასახლებაში: სუხოვოლიასა და სტავჩანიში. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის სამიზნე იყო ჩერკასის ოლქიც. აქ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა გარკვეული ინფრასტრუქტურა. ქალაქი სმელი წყალმომარაგების გარეშე დარჩა.

კომენტარები