უკრაინა

უკრაინამ ყოფილ გენერალ-მაიორს ღალატისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

SECURITY SERVICE OF UKRAINE

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, კიევის შევჩენკივსკის რაიონულმა სასამართლომ 14 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ გენერალ-მაიორს, ვალერი შაიტანოვს ღალატის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება ჩამოართვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ ალფას უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, ვალერი შაიტანოვი სხვადასხვა საიდუმლო ოპერაციებისა და მათში მონაწილე თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და რუსულ მხარეს გადასცემდა.

გარდა ამისა, ყოფილი მაღალჩინოსანი რუსული სპეცსამსახურების დავალებით ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მაიორის მოკვლას გეგმავდა. პირი, რომლის მოკვლასაც შაიტანოვი გეგმავდა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ჯოხარ დუდაევის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონს 2015 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, 2022 წლის 18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად გამოაცხადეს და ჩეჩენი ერის გენოციდი დაგმეს. 

უკრაინულმა კონტრდაზვერვამ შაიტანოვი 2020 წლის აპრილში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.

კომენტარები