რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი კადიროვს: რუსეთი თუ ახლა არ განადგურდება, ჩეჩენი ბავშვების დასახოცად დაბრუნდება

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი, რამზან კადიროვს უკრაინის დატოვებისა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დანილოვმა Twitter-ზე დაწერა. 

"სანამ გვიანი არ არის, დატოვეთ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთი მეორედ არ მოსპობს ქალაქ ჯოხარს (გროზნოს) დედამიწიდან. თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ჯარისკაცები ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად დაბრუნდებიან. არ დაგვიწყებიათ ხო?"- დაწერა დანილოვმა. 

მანამდე, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის რეგიონების დაბომბვაში დაადანაშაულა და უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის "სუსტი პასუხების" გამო. მან ოკუპანტებს უკრაინის ქალაქების "მიწასთან გასწორებისკენ" მოუწოდა. 

18 ოქტომბერს, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად გამოაცხადეს და ჩეჩენი ერის გენოციდი დაგმეს. გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინა იჩქერიის ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმი არსებობს.

ამას გარდა, უკრაინა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს იჩქერიაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ, დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ და იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარონ.

1991 წელს ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა. რესპუბლიკის გამოცხადებას მოჰყვა ჩეჩნეთის ორი ომი ჩეჩენ სეპარატისტებსა და რუსეთის მთავრობას შორის.

თავდაპირველად, რუსეთი 1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ეცადა იჩქერიაზე ძალაუფლების აღდგენას, რაც უშედეგოდ დასრულდა და რუსეთმა ჯარები დროებით გაიყვანა. ჩეჩნეთის მეორე ომი 1999 წელს დაიწყო. უკვე 2000 წლისთვის რუსეთმა იჩქერიაზე კონტროლი ფაქტობრივად აღადგინა.

უკრაინის მხარეს იბრძვიან ჩეჩენი მოხალისეებიც, მათ შორის ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონიც.

 

კომენტარები