რიკოთის გზა

ქარსელაძე რიკოთზე: მეწყერი არ ჩამოსულა, მონიტორინგი გრძელდება – დღეს რიკოთი არის უსაფრთხო

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, მიზეზი, რის გამოც რიკოთის მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა  149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა იყო. 

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, დროებითი დაკეტვა და შემდგომი პროცედურები მათ შესაძლებლობას მისცემს, მაქსიმალურად აირიდონ თავიდან პოტენციური რისკიც კი. "დღეს რიკოთი არის უსაფრთხო".- ამბობს მინისტრი. 

"რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი, რისი საფუძველიც იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა და აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა, როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა იმისთვის, რომ გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა შესაბამისად უსაფრთხო.

გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცეს წინსწრებად, ისევე, როგორც მთელი ეს დროებითი დაკეტვა და შემდგომი პროცედურები, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი

შესაბამისად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო".- თქვა ქარსელაძემ. 

11 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა - მიზეზად გზების დეპარტამენტმა "მცირე ქვათაცვენის" გამო გზების გაწმენდის საჭიროება დაასახელა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, სპეციალური რეჟიმით გაიხსნა. ამ დრომდე, რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებულია ორმხრივად - 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.

კომენტარები