გზის ჩაკეტვა რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა – ქვათაცვენის გამო გზა იწმინდება

გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. ამის გამო, გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

"გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა 30 მარტს, გზიდან 200 მეტრში მეწყრული პროცესების განვითარების გამო შეიზღუდა. 9 დღის განმავლობაში ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე იყო გადართული. 8 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა:

  • 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის;
  • 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები - პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით;
  • ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტმა უნდა იმოძრაოს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;
  • მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს;

"კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები