რიკოთის გზა

რიკოთის გზა შესაძლოა, ფასიანი გახდეს

რიკოთის უღელტეხილი
ალექსანდრე სულაძე / panoramio.com

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, რიკოთის გვირაბიდან ზესტაფონის შესასვლელამდე გზა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. როგორც ჯავახიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მხარისთვის არის რიკოთის უღელტეხილის პროექტის განხორციელება და ინვესტორს აქტიურად ეძებენ. მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინელი ინვესტორები დაინტერესდებიან რიკოთის უღელტეხილის პროექტში ინვესტიციების ჩადებით, ტერიტორიაზე გადაადგილება იქნება ფასიანი და ინვესტორები პროექტში ჩადებული თანხის ამოღებას ამ გზით შეძლებენ.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და ეს საზოგადოებისთვის არაერთხელ მითქვამს, რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიცას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები ინტენსიურად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე. 30–დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე", - თქვა ჯავახიშვილმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, რიკოთი-ზესტაფონის გზა მხოლოდ იმ შეთხვევაში გახდება ფასიანი, თუ იარსებებს ალტერნატიული გზა, სადაც მოსახლეობა კვლავ ყველანაირი თანხის გარეშე შეძლებს გადაადგილებას, უწყების ინფორმაციით, ფასიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა, ძირითადად, სატრანზიტო მოძრაობისთვის იქნება. მათივე ცნობით, ახალი გზა განტვირთავს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას.

კომენტარები