რიკოთის უღელტეხილი

გზების დეპარტამენტის უფროსი: რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო

"მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო ,“- ამის შესახებ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა შოვის სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს უთხრა და აღნიშნა, რომ "სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველა ფერდის დამუშავება პროექტის შესაბამისად ხდება".

"არ მეგონა, თუ სტიქიის ზონიდან მომიწევდა აღნიშნული განცხადების გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს. ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით, კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას, მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება" - ამბობს წერეთელი. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სულ, რიკოთის მონაკვეთზე 77 ფერდია, "რომელსაც უკეთდება პროექტით განსაზღვრული შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები". 

"რაც შეეხება ფერდებს, ეს არის სამუშაო პროცესი და ის მოვლენები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი, იყო სამუშაო პროცესის ნაწილი. სამწუხაროდ, ყველა კადრი, რომლიც ვრცელდება ამა თუ იმ ტელევიზიით, არის ძველი, თვეების წინ გადაღებული და თუ დღეს ჩახვალთ რიკოთის უღელტეხილზე, ნახავთ სულ სხვა სურათს და სხვა მდგომარეობას. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთზე იყო, დამუშავდება პროექტის შესაბამისად და იქნება უსაფრთხო. ამ მონაკვეთებზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო“- განაცხადა გიორგი წერეთელმა.

11 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა - მიზეზად გზების დეპარტამენტმა "მცირე ქვათაცვენის" გამო გზების გაწმენდის საჭიროება დაასახელა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, სპეციალური რეჟიმით გაიხსნა. ამ დრომდე, რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებულია ორმხრივად - 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.

კომენტარები