რიკოთის უღელტეხილი

ქარსელაძე: რიკოთზე მომუშავე არცერთი კომპანია სანქცირებული არ არის და შავ სიაში არ იმყოფება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის განცხადებებსა და ბრალდებებს გამოეხმაურა. ქარსელაძის თქმით, იმ 4 კომპანიიდან, რომელიც რიკოთზე სამუშაოებს აწარმოებს, არცერთი არ არის სანქცირებული და შავ სიაში შეყვანილი.

"მინდა, მოკლედ აგიხსნათ, როგორ ხდება სამშენებლო კომპანიების შერჩევა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში, რიკოთთან მიმართებაში, მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციოს ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების პირობებში, შესყიდვა მათივე პროცედურით ხორციელდება. ამ პროცედურას ღია საერთაშორისო ტენდერი ჰქვია, რომელიც ცალსახად განმარტავს, თუ ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობის მიღება, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პრეტენდენტმა - როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური თუ გამოცდილების თვალსაზრისით. ბევრი სხვა კრიტერიუმია.

ასევე, გათვალისწინებულია დისკვალიფიკაციის საფუძვლები. 3 ძირითადი ეტაპია, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დასტური სავალდებულოა, მათ შორის, სატენდერო პირობების დამტკიცებიდან დაწყებული, ხელშეკრულების გაფორმებით დამთავრებული. 

ამ პროცედურების დაცვით, როგორითაც რიკოთი და ჩვენი ნებისმიერი სხვა მასშტაბური პროექტი წარიმართა, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამ პირობებში სანქცირებულ, შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვა და ხელშეკრულება მასთან გაფორმებულიყო. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ესენი სანქცირებული კომპანიები არიან, უცნაური, უადგილო და გაუგებარია [...] ჩვენ არავისთვის არაფერი მიგვიცია და ჩაგვიბარებია. გამარჯვებული კომპანიების შერჩევა მხოლოდ ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის სხვადასხვა მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანიაა, სადაც კონკურენციის მაღალი დონე იყო და გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. მათთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ვერ გაფორმდებოდა, თუ ეს კომპანიები სანქცირებულები იქნებოდნენ [...] 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული არცერთი კომპანია შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულ, ანუ შავ სიაში არ იმყოფება". - თქვა ქარსელაძემ.

პარტია ლელოს განცხადებით, 3 ძირითადი კომპანია, რომელიც რიკოთზე ოპერირებს, სხვადასხვა დანაშაულშია ეჭვმიტანილი და კორუფციულ სკანდალებშია გახვეული. ლელოში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია China State Construction Engineering კორუფციული სკანდალის გამო, მსოფლიო ბანკმა 2009 წელს შავ სიაში შეიყვანა და კომპანიას 6 წლის ვადით მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა აეკრძალა.

ლელოს განცხადებით, რიკოთზე მომუშავე კიდევ ერთმა კომპანიამ Hunan Road and Bridge Construction Group-მა ჩინეთში ტუოჯიანგის ხიდი ააშენა, რომელიც უხარისხობის გამო ჩამოინგრა და 64 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პარტიაში ამბობენ, რომ ამ ფაქტის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანიის წარმომადგენლები ქრთამის აღების, დაუდევრობისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის დააკავა.

ლელოში ამბობენ, რომ რიკოთის სამუშაოებში ჩართულ კიდევ ერთ კომპანიას, China Road and Bridge Corporation-ს ფილიპინებში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებული თაღლითური პრაქტიკის გამო, მსოფლიო ბანკმა სანქციები დაუწესა. მათივე თქმით, კომპანიის სახელს აგრეთვე უკავშირდება სკანდალები უგანდაში, ყირგიზეთსა და ხორვატიაში.

კომენტარები