შსს

საგამოძიებო: მოვუწოდებთ გოგა რაზმაძეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გოგა რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო რაზმაძეს მოუწოდებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

"გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მომართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.

გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

სამსახური მზად არის, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატაროს". – ნათქვამია განცხადებაში.

 გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა. რაზმაძის შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

შსს-ს თანამშრომელი: ხარვეზებზე საუბრის გამო გენინსპექციაში საქმე გამირჩიეს

კომენტარები