პუტინის რუსეთი

მეტრო 2033-ის ავტორს, დმიტრი გლუხოვსკის დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის სასამართლომ მწერალ დმიტრი გლუხოვსკის დაუსწრებლად რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეტროს ტრილოგიის ავტორს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ფეიკ ნიუსების გავრცელება ედება ბრალად.

2022 წლის ივნისში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფანტასტ მწერალზე ძებნა გამოაცხადა. იმავე წლის ოქტომბერში გლუხოვსკის უცხოეთის აგენტის სტატუსი მიენიჭა.

ბოლო ინფორმაციით გლუხოვსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროში ცხოვრობს.

გლუხოვსკის ეკუთვნის პოსტაპოკალიპტიკური რომანების სერია მეტრო. წიგნებმა ავტორს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. რომანების მიხედვით შექმნილია ასევე რამდენიმე კომპიუტერული თამაში.

მწერალი ომის დაწყების დღიდან აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას. 

"რაც ახლა უკრაინაში ხდება, ომია. რუსული მედიები იყენებენ სიტყვას "სპეცოპერაცია" და ერიდებიან სიტყვა "ომს". ეს არის ნამდვილი ომი, ტერიტორიაზე შეჭრილია ტანკები, ქვეითი ჯარი, დესანტი, ავიაცია, ორივე მხრიდან არის დიდი მსხვერპლი, ბომბები ეცემა საცხოვრებელ სახლს და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.

რუსეთი ვერაგულად დაესხა თავს უკრაინას, ჩვენი მთავრობა არაერთხელ დაგვპირდა, რომ უკრაინასთან ომს არ დაიწყებდა. მიუხედავად დაპირებისა, ყველა მხრიდან შეუტია, ეს იყო წინასწარ დეტალურად შემუშავებული ოპერაცია. უკრაინის საზღვართან თვეების განმავლობაში ხდებოდა ჯარის მობილიზაცია, რუსეთი ამტკიცებდა, რომ ეს იყო წვრთნები. ჟირინოვსკის წამოსცდა მოსალოდნელი ომის შესახებ, ის ჯერ კიდევ დეკემბერში დუმაში ლაპარკობდა შესაძლო თავდასხმაზე". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მწერალი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას.

კომენტარები