სტიქია შოვში

ქარსელაძე: მადლობა ღმერთს, დიდება უფალს, რომ დაკარგულთა სიაში მყოფი ბიბილეიშვილი კარგადაა

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

"ის, რომ ადამიანი, რომელიც ირიცხებოდა დაკარგულთა სიაში, არის ჯანმრთელად, მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის" - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილზე თქვა. მთავრობის ინფორმაციით, ბიბილეიშვილი შოვში დაკარგულთა სიაში "ახლობლის შეტყობინების" საფუძველზე იმყოფებოდა.

"ვიღაც ახლობელმა დარეკა - ამ პიროვნების ოჯახმა თქვაო, რაღაც ვერ ვუკავშირდებით და აი, გეუბნებითო... როცა მოხერხდა, თქვა ამ კაცმა - უი, სახელი და გვარი ასე კი არა, ასე არისო. იმიტომ, რომ ბაზაში არ იყო. დაუკავშირდნენ, დააზუსტეს, როგორც კი ამ კაცმა სწორად თქვა სახელი და გვარი, მყისიერად მოხდა ამ კაცთან დაკავშირება“ - ამბობს ქარსელაძე.

ამასთან, მინისტრის ცნობით, ზურაბ ბიბილეიშვილმა თქვა, რომ  "არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტორიაზე".

რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დრომდე, ნაპოვნია 19 ცხედარი, სტიქიის ზონაში კიდევ 15-მდე ადამიანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით დაიწყო

კომენტარები