ნაპოლი

ნაპოლის გულშემატკივრებს შორის ამოიცნეს და დააკავეს პირი, რომელსაც პოლიცია 11 წელი ეძებდა

იტალიის საფეხბურთო კლუბ ნაპოლის გულშემატკივრებს შორის მაფიის წევრი ვინჩენცო ლა პორტა ამოიცნეს და დააკავეს. ინფორმაციას იტალიის პოლიცია ავრცელებს.

იტალიის 100 ყველაზე სახიფათო ძებნილთა სიაში მყოფი დამნაშავე ვინჩენცო ლა პორტა, საბერძნეთში, კუნძულ კორფუს რესტორანში დააფიქსირეს. ფოტოზე, რომლითაც დამნაშავე ამოიცნეს, ჩანს, თუ როგორ ზეიმობენ გულშემატკივრები ნაპოლის მიერ იტალიის უმაღლესი ლიგის მოგებას. გამომძიებლებმა მათ შორის დააფიქსირეს ლა პორტაც, რომელიც თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის აღმნიშვნელ ცისფერ-ლურჯ ფერებში იყო შემოსილი.

ახლომდებარე რესტორნის მფლობელის თქმით, მიმალვაში მყოფი იტალიელი ფოტოზე ასახულ რესტორანში მზარეულის ასისტენტის პოზიციაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა.  

ლა პორტა მიმალვაში 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას დანაშაულებრივი გაერთიანების წევრობაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და თაღლითობაში დაუსწრებლად დასდეს ბრალი.

პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი თვალყურს ადევნებდნენ ლა პორტას ონლაინ აქტივობას, მათ შორის, მის ფინანსურ მოძრაობას, თუმცა, თავად მისი ადგილმდებარეობის შესახებ დაკავებისათვის საკმარის ცნობებს არ ფლობდნენ. 

"გატაცება ფეხბურთითა და ნაპოლის გუნდით მისი შეცდომა იყო. ლა პორტამ თავი ვერ შეიკავა კლუბის ჩემპიონობის აღნიშვნისაგან". - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

ვინჩენცო ლა პორტა 4 აგვისტოს, კორფუზე დააკავეს. იტალია მის ექსტრადიციას ითხოვს, რათა მან იტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 14 წლისა და ოთხი თვის ვადით პატიმრობა მოიხადოს.

კომენტარები