ჯუთა

გზების დეპარტამენტი: ჯუთას გზაზე სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ჯუთას გზაზე სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება. დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამუშაოების დროს საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.

"ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და გამაგრებითი სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაწყებულია. როგორც საზოგადოებას ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. 2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება. კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება". - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მანქანები სოფელ ჯუთასკენ მიმავალ დაზიანებულ გზაზე, რომლის ერთი ზოლიც მთლიანად ჩამოშლილი იყო.

კომენტარები