ლიტვა

ლიტვამ რუსეთისა და ბელარუსის 1 000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა

ლიტვამ რუსეთისა და ბელარუსის 1 000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხედ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მათ მუდმივი ბინადრობის უფლებას ჩამოართმევს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიტვის მთავრობამ რუსებსა და ბელარუსებს გაუგზავნა კითხვარი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და მის მიერ 2014 წელს უკანონოდ ანექსირებული ყირიმის სტატუსის შესახებ კითხვებს შეიცავდა. ბინადრობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას კი, როგორც ლიტვის საემიგრაციო დეპარტამენტი ამბობს, გაითვალისწინეს კითხვებზე რუსებისა და ბელარუსების მიერ გაცემული პასუხები. 

გარდა ამისა, ლიტვის საემიგრაციო დეპარტამენტმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ლიტვაში მცხოვრები ბელარუსის და რუსეთის 1 164 მოქალაქე ლიტვისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, მათგან 910 ბელარუსის, ხოლო 254 რუსეთის მოქალაქეა. 

საემიგრაციო დეპარტამენტის მონაცემებით, ლიტვაში ამჟამად ცხოვრობს ბელარუსის 58 000-ზე მეტი, ხოლო რუსეთის 16 000 მოქალაქე. მათ ყოველწლიურად მოეთხოვებათ ბინადრობის ნებართვის განახლება სამ წლამდე, რაც ასევე განაცხადის სტატუსზეა დამოკიდებული. 

იმ ადამიანებს, ვისაც ბინადრობის ნებართვა ჩამოერთვათ, შეუძლიათ, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით კი, დანარჩენებს ქვეყნის დასატოვებლად ერთი თვე ექნებათ.

ლიტვაში ეთნიკური რუსების უმცირესობა მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ისინი ლიტვის მოქალაქეები არიან და მათ კითხვარზე პასუხის გაცემა არ მოეთხოვებოდათ.

კომენტარები