მაშველებმა შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

დღეს, 5 აგვისტოს, მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ბოლო მონაცემებით, სტიქიას ჯამში 15 პირი ემსხვერპლა. 

5 აგვისტოს დილის მონაცემებით, ნაპოვნი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული იყო 6 - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცხედრები დაზიანებულია, ამოცნობისთვის ჩატარდება დნმ-ის ანალიზი. 

ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს - მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ადგილიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ყველა მოქალაქე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი.

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები