კლიმატი

ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

GETTY IMAGES

ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის, Copernicus-ის, თანახმად, ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ზღვის ზედაპირის საშუალო დღიური ტემპერატურა ამ კვირაში 20.96 ცელსიუსს უტოლდება, რაც 2016 წლის რეკორდს ბევრად აჭარბებს.

მეცნიერები პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განმარტებით, თბილ წყლებს ნახშირორჟანგის შთანთქმის ნაკლები უნარი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის გამათბობელი გაზის უფრო დიდი რაოდენობა ატმოსფეროში დარჩება. ამ ყოველივეს შეუძლია დააჩქაროს გლობალური დათბობის, და კერძოდ, მყინვარების დნობის პროცესი. დამდნარი სითხე ოკეანეებში ჩაედინება, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მატებას.

წყლის მაღალი ტემპერატურა ზიანს აყენებს ოკეანეთის ფლორასა და ფაუნას. წყლის ბევრი არსება იძულებული ხდება შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და იმოძრაოს გრილი წყლების მიმართულებით, რაც არღვევს ბუნებრივი კვების ჯაჭვს. ამასთან, არის საფრთხე, რომ ზოგიერთი მტაცებელი ცხოველი, მათ შორის ზვიგენი, გახდეს მეტად აგრესიული, რადგან ისინი იბნევიან და ღიზიანდებიან მათთვის უჩვეულოდ ცხელ ტემპერატურაზე.

"ფლორიდის რიფებზე მარჯნის გაუფერულება აშკარად შეინიშნება... ბევრი მარჯანი უკვე მოკვდა."-  ამბობს დოქტორი კატრინ ლესნესკი, რომელიც მექსიკის ყურეში წყლისა და ატმოსფეროს ტემპერატურას აკვირდება.

მეცნიერები მსჯელობენ ოკეანეების დათბობის მიზეზებზე, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ, ზოგადად, კლიმატური ცვლილებები ზღვებს ათბობს, რადგანაც ისინი სათბურის აირები სითბოს უმეტეს ნაწილს ბუნებრივად შთანთქავენ.

კომენტარები