რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ხერსონში ტაძარი დაბომბეს – დაშავდა 7 ადამიანი, მათგან 4 მაშველი

Unian

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტში წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი დაბომბეს - დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 4 მაშველი. ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დაშავებულ მოქალაქეებზე ინფორმაცია რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა გაავრცელა. 

"დაშავდა თავდასხმის დროს ეკლესიასთან მიმავალი ტროლეიბუსის 3 მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს". - დაწერა მან. 

პროკუდინის სიტყვებით, 39 წლის ქალსა და 53 წლის კაცს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. მისივე ინფორმაციით, 74 წლის კაცს აქვს ჭრილობები გულ-მკერდის არეში, ასევე, მიიღო თავის ტვინის დახურული დაზიანება. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. 

რაც შეეხება დაშავებულ მაშველებს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ისინი დაბომბვის შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობისას, განმეორებითი თავდასხმის დროს დაშავდნენ. მაშველები კლინიკაში არიან გადაყვანილი. ასევე, დაზიანდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკა. 

კომენტარები